• თბილისი
  • 16°C
  • 24 ოქტომბერი, 2017
article

ავღანური ფლავი ქათმით და ქლიავის ჩირით

ბასმათი ბრინჯი - 200 გრ.

კარაქი - 50 გრ.

ზეითუნის ზეთი - 2-3 ს.კ.

ხახვი - 1 ც. მოზრდილი ზომის

ნიორი - 2 კბილი

ძირას თესლი - 1 ჩ.კ. (cumin)

დარიჩინის ჯოხი - 1 ც.

კარდამონი (დაუფქვავი) - 1 ჩ.კ.

ყვითელი ყვავილი - 1.5 ჩ.კ.

ქათმის ხორცი (უძვლო) - 350 გრ.

მოხარშული წითელი ლობიო - 200 გრ.

ქათმის ბულიონი ან ადუღებული წყალი - 450 მლ.

შაქარი - 2 ს.კ.

ქლიავის ჩირი, ნუში, მიწის თხილი, ნაძვის თხილი - გარნირად

მარილი, პილპილი - გემოვნებით


ამჯერად შემოგთავაზეთ ავღანური ფლავის ერთ-ერთ ვარიანტს.

გარეცხეთ ბასმათი ბრინჯი და საწურზე გააჩერეთ სანამ კერძს მოამზადებთ, რომ მაქსიმალურად დაიწრიტოს ზედმეტი წყალი. ბასმათი ბრინჯი არის მოგრძო ზომის ბრინჯი, რომელიც ინდოეთში და პაკისტანში მოჰყავთ და იყენებენ აზიური კერძების მოსამზადებლად.

გაახურეთ ღრმა და ფართო ტაფა საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე, დადეთ კარაქი და დაამატეთ ზეთი. კარაქი რომ გალღვება ჩაშუშეთ ხახვი 3-4 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ყვითელი ყვავილი, კარდამონის მარცვლები, დარიჩინის ჯოხი და ძირა. თუ სადმე შეხვდებით უცხოური წარმოების Cumin-ს, გირჩევთ ის გამოიყენოთ. ხშირად, ძირას თარგმნიან როგორც “Cumin,” მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთ ოჯახს მიეკუთვნება, სხვაობა მაინც არის. ისე, ძირა, ინგლისურად “caraway” არის. ჩაშუშეთ ხახვი და სუნელები კიდევ 2 წუთის განმავლობაში, დაამატეთ დაჭრილი ნიორი და ქათმის ნაჭრები. შეგიძლიათ გამოიყენოთ მკერდის ფილე ან შავი ხორცი ძვლის გარეშე. ჩაშუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში და პერიოდულად მოურიეთ. ქვაბში დაამატეთ საწურზე დატოვებული ბრინჯი და კარგად მოურიეთ. 1 წუთის შემდეგ დაამატეთ ლობიო და ისევ კარგად მოურიეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ თამამად დაამატოთ ჩვეულებრივზე მეტი პილპილი, რადგან ძალიან უხდება ფლავს და განსაკუთრებულ არომატს ძენს. ტაფაზე დაამატეთ ქათმის ბულიონი ან თუ არ გაქვთ, უბრალოდ, ადუღებული წყალი. კოვზით ამოურიეთ ერთხელ, ცეცხლს მაქსიმალურად დაბალ დონეზე ჩაუწიეთ, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 13-15 წუთის განმავლობაში. არ მოურიოთ, თუმცა მუდმივად აკონტროლეთ, რომ უცებ არ დაშრეს წყალი და არ მიიკრას ტაფაზე. ბრინჯი თანდათან შეიწოვს წყალს და კერძიც ოდნავ ნოტიო გამოვა (თითქმის მშრალი)

სუფრასთან მირთმევამდე, ცალკე ტაფაზე მოხალეთ ნუში, მიწის თხილი, ნაძვის თხილი - რაც გაქვთ :-)  და ცალკე გადმოიღეთ. იგივე ტაფა გაახურეთ საშუალო ცეცხლზე, დაყარეთ 2 ს.კ. შაქარი და დაელოდეთ სანამ მთლიანად გალღვება. როგორც კი გამდნარი შაქარი ფერს იცვლის ყავისფერისკენ, დაამატეთ 100-150 მლ. წყალი. არ მოურიოთ კოვზით, არამედ ტაფა არხიეთ და აბრუნეთ სხვადასხვა მხარეს, რომ მაქსიმალურად გაიხსნას შაქარი დამატებულ წყალში.

ამოღეთ ფლავი თეფშზე, ზემოდან მოასხით 2 ან 3 ს.კ. შაქრის სიროფი, მოაყარეთ ზემოდან თხილეული და დააწყვეთ ქლიავის ჩირიც. გემრიელად მიირთვით!

gemrieli.ge