ვახტანგ ჯობაძე, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ხელოვნების ისტორიკოსი, არაერთი არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე და ინიციატორი, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი,1917 წელს საქართველოში დაიბადა.
ვახტანგი 1966 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრია. 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩავარდა ტყვედ და დარჩა გერმანიაში. მოღვაწეობდა ემიგრაციაში. ასე რომ, იყო ერთადერთი იმდროინდელი ქართველი მკვლევარი, რომელსაც, ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ, საშუალება ჰქონდა ემოგზაურა და შეესწავლა ტაო-კლერჯეთის და ანტიოქიის ძეგლები. ის არის ავტორი მრავალი მონოგრაფიისა ქართული არქიტექტურის შესახებ, რომლებიც იბეჭდებოდა არამხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ენებზეც. მასვე ეკუთვნის კვიპროსზე ღალიის ქართული მონასტრის ნანგრევების აღმოჩენა (1981). შეისწავლა ანტიოქიაში ქართველ მონაზონთა ცხოვრება, აგრეთვე შავ მთაზე ძელიცხოვლის მონასტერი.
სწავლობდა გიოტინგენისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში. 1950 წლიდან ამერიკაშია და მუშაობდა იუტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში. ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტში, განაგებდა ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტს.
ვახტანგ ჯობაძე გარდაიცვალა 2007 წლის 10 თებერვალს კარლსბადში, მისი ფერფლი თბილისში ჩამოასვენეს. 2007 წლის 29-30 მარტს კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ვახტანგ ჯობაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და მისი წიგნის „ადრეული შუასაუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში“ პრეზენტაცია და ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა.
წყარო