• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე არასრულწლოვანი პოლიციას ჩაბარდა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საგამოძიებო უწყებას ჩაბარდა. 

ძებნილი გ.ჯ. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცხადდა. 

ადვოკატის განცხადებით, ოჯახმა ახლახან დაადგინა ბრალდებულის ადგილსამყოფელი და მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გ.ჯ. საგამოძიებო ორგანოში წარედგინათ, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს საგამოძიებო ორგანოებს ნათელი მოეფინოს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს.

გ.ჯ.-ს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პატიმრობაში რჩება კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავა.