• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

სუს: სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტული დეპარტამენტი თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. უწყების პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის განცხადებით, სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია ერთი პირი, დანარჩენების დასაკავებლად კი ოპერაცია მიმდინარეობს.

მისი განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ეს ადამიანები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. 

„რამდენიმე საათის განმავლობაში, სუს-ი ოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს.დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცლხსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს.სროლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ამ პირების იდენტიფიკაცია“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

გიორგობიანის განცხადებით, სპეცოპერაციისას დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურდება. სუს-ი მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილონ უწყების მითითებებს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი უკვე 16 საათია ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალურ დანაყოფს  ცეცხლი გაუხსნეს. სპეცოპერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას არ უშვებენ, ადამიანების ნაწილს კი მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს.