• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2017
article

ლგბტ პირის მიმართ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენისათვის, ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ლგბტ პირის მიმართ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს  სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული შედეგი, ავთანდილ გ.-ს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდებულმა სადავოდ არ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი, დაზარალებულის ლგბტ თემისადმი კუთვნილების გამო წარმოიშვა. სასამართლომ მიიჩნია, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ბრალდებულის მხრიდან ტრანსგენდერი ქალის ცემა, მიზნად ისახავდა  დაზარალებულის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 120 დან - 140 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთა  ვადით ერთ წლამდე.