• თბილისი
  • 5°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

შსს: პოლიციამ ბანკზე თავდამსხმელს დანებებისკენ მოუწოდა, თუმცა მან საკუთარი თავის მიმართულებით გასროლა განახორციელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ „საქართველოს ბანკში“ შეჭრილ პირს სამართალდამცავი ორგანოსადმი დამორჩილებისკენ მოუწოდა, თუმცა მან გასროლა განახორციელა.

წერეთლის გამზირზე მომხდარის შესახებ კომენტარს უწყების პრესსამსახურის უფროსი აკეთებს. 

„თბილისში, „საქართველოს ბანკის“ წერეთლის ფილიალში შეიჭრა შეიარაღებული პირი. განგაშის ღილაკის ამოქმედებიდან წუთნახევარში შემთხვევის ადგილას უკვე იმყოფებოდა პოლიცია. შსს-ს თანამშრომლებმა თავდამსხმელს მოუწოდეს, დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დანებებულიყო, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებს შსს-ს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია.