|
11:06 08.06.2012
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქუთაისში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც გუშინ პარლამენტის შენობისა და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, სამინისტრო აცხადებს, რომ მომხდარი შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა და არ გარდაცვლილა არც ერთი სხვა პიროვნება.
შეგახსენებთ: უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა შესახებ გუშინ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. იყო ცნობები, რომ სულ ცოტა ორი ადამიანია გარდაცვლილი და დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტი მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომელიც გუშინ საღამოს გაიმართა. მისი განცხადებით, მშენებლობების იმ ხელმძღვანელების მიმართ, ვინც უსაფრთხოების წესებს არ იცავს, სისხლის სამართლის პასუხისგების საკითხი უნდა დადგეს.
უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პირი მშენებლობის ბრიგადირი, 55 წლის ზესტაფონელი რეზო ნებიერიძე ააღმოჩნდა. "პირWელთან" საუბარში დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე თავად იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, ჩამოინგრა პარლამენტის ადმინისტრაციული ნაწილისთვის განკუთვნილი ნაგებობის დაახლოებით, 15-მეტრიანი მონაკვეთი.
„როგორც ქალაქის მერისგან მოვისმინე, ნგრევა ბეტონის სიმძიმემ და ბეტონის დაწოლამ გამოიწვია, რასაც ე.წ. "აპალოვკამ" ვერ გაუძლო და ჩაინგრა, ქვეშ კი მშენებლობის ბრიგადირი, 55 წლის ზესტაფონელი ნებიერიძე მოიყოლა. პარლამენტის ადმინისტრაციული ნაწილი სამსართულიანი შენობაა, ნგრევა კი მისი მეორე სართულიდან არის მომხდარი" - განუცხადა "პირWელს" ლორთქიფანიძემ.
"პირWელის" ინფორმაციით, გარდაცვილი ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთის მკვიდრი იყო, რომელიც თავის სამ შვილთან ერთად ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაზე მუშაობდა.შეგახსენებთ: ქუთაისის პარლამენტის შენობა „დიდების მემორიალის“ ადგილზე შენდება, რომლის დემონტაჟს 2009 წლის 19 დეკემბერს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|