• თბილისი
  • 18°C
  • 27 სექტემბერი, 2017
article

სილქნეტმა გადახვევის სერვისი შეზღუდა, ფასი კი, იგივე დატოვა - მომხმარებლები თავს მოტყუებულად თვლიან

კომპანია სილქნეტმა, მომხმარებლებს გადახვევის სერვისით სარგებლობა შეუზღუდა, თუმცა გადასახადი იგივე დატოვა.

შესაბამისად, სილქნეტის მიმართ, ბოლო დროს, მკვეთრად გაიზარდა უკმაყოფილება. მომხმარებლები თავს მოტყუებულად თვლიან... 

მაგალითად, თუ ადრე მომხმარებელს შეეძლო ერთი კვირის წინანდელი გადაცემა გადახვევის ფუნქციის გამოყენებით ენახა, ახლა, ეს დრო 12 საათამდეა შემცირებული.

ეს მაშინ, როდესაც ყოველთვიური გადასახადი იგივე დარჩა.

კერძოდ: მომხმარებელი, დღეს, გადახვევის ფუნქციის პირობებში, ზუსტად იმდენივეს იხდის, რამდენსაც ადრე იხდიდა...

რატომ გაიზარდა სილქნეტის მომხმარებელთა უკმაყოფილება და რატომ შეიზღუდა გადახვევის ფუნქციის დრო - ამ საკითხით „პრესა.ჯი“ დაინტერესდა და კომპანიის ოპერატორები გამოკითხა...

„პრესა.ჯი“: რატომ შეუზღუდა კომპანია სილქნეტმა გადახვევის სერვისის დრო მომხმარებელს? 

- კომპანია სილქნეტი ახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს, რის გამოც გარკვეულ არხებზე შეზღუდულია გადახვევის ფუნქცია. სამწუხაროდ, სამუშაოების დასრულების ზუსტ დროს ამ ეტაპზე ვერ გიკონკრეტებთ. 

- იყო თუ არა, მომხმარებელი ინფორმირებული წინასწარ, ტექნიკური შეფერხებებისა და სერვისის შეზღუდვის შესახებ? 

- ჩვენ ამანათების სახით მოსახლეობა გავაფრთხილეთ, რომ მოსალოდნელი იყო ამგვარი ხარვეზი. 

სამწუხაროდ, მომხმარებლთა უკმაყოფილება გამოიწვია ამ ხარვეზმა, რომელიც გადახვევის ფუნქციის შეზღუდვას შეეხო“. 

სილქნეტის ოპერატორებთან გასაუბრების შემდეგ, ჩვენ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა. მან გვთხოვა რომ კითხვები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიგვეწოდებინა და პასუხსაც წერილობით, მალევე დაგვიბრუნებდა. 

მოგვიანებით კი, განგვიცხადა რომ მას, ჩვენს კითხვებზე პასუხები კიდევ „სხვისთვის“ უნდა შეეთანხმებინა და ამიტომ, ზუსტად არ იცოდა როდის მოგვაწვდიდა კომპანიის პოზიციას...

რაც შეეხება მომხმარებლების დამოკიდებულებას კომპანიის მიმართ, როგორც აღმოჩნდა, სილქნეტს, არა მხოლოდ გადახვევის სერვისის შეზღუდვის გამო აკრიტიკებენ. მასთან სხვა სახის პრეტენზიებიც აქვთ:

ზურა ღამბაშიძე: „ძალიან უკმაყოფილო ვარ თქვენი ინტერნეტით... უკვე 8 თვეა მაქვს და ყოველ მეორე დღეს ითიშება და მიწევს ტექნიკურ სამსახურთად დარეკვა პრობლემაზე... 

წინა კვირას ინებეს და მოდემი გამომიცვალეს, რომელმაც 1 კვირა უპრობლემოდ იმუშავა და დღეს ისევ გაითიშა“, - წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში. 

ვიმედოვნებთ რომ სილქნეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მომავალში უფრო ოპერატიულად გასცემს პასუხს კომპანიის მიმართ დაგროვილ კითხვებსა და პრეტენზიებს.