• თბილისი
  • 29°C
  • 17 აგვისტო, 2017
article

ლიბერთი ბანკი Khan Academy-ს პროექტის მხარდამჭერთა რიგებს შეუერთდა

11 აპრილს, Educare Georgia-ს დირექტორმა, ბატონმა გიორგი ჯიბლაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ალექსი ხოროშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემურანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი შეუერთდება Educare Georgia-ს პარტნიორთა რიგებს და ორგანიზაციას დახმარებას გაუწევს ხანის აკადემიის (Khan Academy) პლატფორმის პოპულარიზაციაში.

ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა თემაზე წარმოდგენილია ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული სავარჯიშოები. Educare Georgia უზრუნველყოფს პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნას, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია უცხო ენის ბარიერის გარეშე. ვიდეო გაკვეთილები დაყოფილია როგორც სასკოლო კლასების, ასევე თემების და საგნების მიხედვით. პლატფორმა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს დააკვირდნენ მოსწავლეთა პროგრესს და მეტი ყურადღება დაუთმონ იმ საკითხებს, რაშიც მოსწავლეები მეტ დახმარებას საჭიროებენ. 

თარგმნის გარდა, ორგანიზაციის მიზანია გაავრცელოს ინფორმაცია ხანის აკადემიის ქართული პლატფორმის შესახებ და ასწავლოს მოსწავლეებს და მასწავლებლებლებს პლატფორმის გამოყენება სასწავლო პროცესში. ლიბერთი ბანკი საქართველოს ბაზარზე ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი. სწორედ საკუთარი ქსელის საშუალებით, ლიბერთი ბანკი უზრუნველყოფს ხანის აკადემიის ქართულენოვანი პლატფორმის შესახებ საქართველოს ყველა კუთხეში ინფორმაციის გავრცელებას. ასევე ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში დაიწყო საპილოტე პროექტი. 11 სკოლის მათემატიკის მასწავლებელი უკვე იყენებს ხანის აკადემიას სასწავლო პროცესში. 

„მოხარული ვარ, რომ ლიბერთი ბანკი გახდა ჩვენი პარტნიორი და მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაგვიწევს არსებული ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების პოპულარიზაციაში, რაც უფრო მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას მიიღოს მეტი ინფორმაცია და გაიღრმაოს ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს პარტნიორობისთვის“ - აღნიშნა Educare Georgia-ს დირექტორმა, ბატონმა გიორგი ჯიბლაძემ. 

„ქვეყანაში განათლების დონის ამაღლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მოხარული ვარ, რომ გვეძლევა საშუალება ხელი შევუწყოთ საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განათლების მიღებას. ვფიქრობ, რომ ხანის აკადემიის პლატფორმა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სკოლის მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის.“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ალექსი ხოროშვილმა. 

ხანის აკადმიის ქართულენოვანი პლატფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ გვერდზე: https://ka.khanacademy.org/ და YouTube არხზე (Khan Academy Kartuli)