სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ ქვემო ქართლის რეგიონში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით მიმდინარე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარაში მდებარე ხიდი ცხვრის გადასაყვანი ტრასის (დედოფლისწყარო- მარნეული- ასპინძა) მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცხვრის გადასაყვანი ტრასების აღდგენა–რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეცხვარეობის განვითარებას და თითოეული მეცხვარის გაზრდილ შემოსავალს უზრუნველყოფს.
აღნიშნული ხიდის სიგრძე 36 მეტრს შეადგენს, სიგანე 4 მეტრია. რეკონსტრუქციის შემდეგ ხიდის გამოყენება არა მხოლოდ ცხვრისა და საქონლის გადასაყვანად იქნება ხელსაყრელი, არამედ აღნიშნული მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობა ავტომანქანით გადაადგილებაც შეძლებს. ამჟამად, კონსტრუქციული დაზიანებების გამო ხიდის გამტარიანობა შეზღუდულია, რაც ზამთრისა და ზაფხულის საძოვრებზე ცხვრისა და საქონლის გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
,,სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში აღნიშნული ხიდის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია და განაპირა დამცავი ჯებირების განახლება მოხდება. ხიდის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 4 თვეში იგეგმება. მშენებლობაზე 23 ადგილობრივია დასაქმებული.
საქართველოში მეცხვარეობა ექსპორტზე ორიენტირებული დარგია და ამ დარგის ინფრასტრუქტურის განვითარებაში სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს.