| 18.06.2012 წერილი II სამართლიანობისა და გეო-ეთნოლოგიის პრიზმიდან საქართველო, 2008 წლის აგვისტოში, დროებით, დამარცხდა საომარ მოქმედებებში რუსეთის იმპერიასთან. ამ მარცხის შედეგად ოკუპირებულ და ანექსირებულ იქნა ძირძველი ქართული ტერიტორიები, სოხუმისა და ცხინვალის რეგიონებისა. ომი რუსეთსა და საქართველოს შორის დიდი ხანია, 1800 წლიდან მიმდინარეობს. პერმანენტულად ის შეიარაღებულ ხასიათს იღებს (1800 წლის ნაძალადევი ანექსია ქართლ-კახეთისა, 1810 წლის ნაძალადევი ანექსია იმერეთისა, აჯანყებები XIX საუკუნეში); 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1921 წელს რუსეთის ბოლშევიკურმა იმპერიამ შემოუტია დამოუკიდებელ საქართველოს და დაიპყრო. ამას მოჰყვა 1924 წლის აჯანყების სისხლში ჩახშობა; 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რუსეთის იმპერიამ ახალი შეიარაღებული აგრესია წამოიწყო 1991 წელს ცხინვალის რეგიონში (ჩრდილო ქართლში) ოსი სეპარატისტების ხელით, გააგრძელა თბილისში სახელმწიფო მოღალატეების მეშვეობით, შემდეგ, ასევე სეპარატისტ-ტერორისტების გამოყენებით სოხუმის რეგიონში... 2008 წელს რუსული ჯარები კვლავ შემოიჭრნენ საქართველოში... საქართველო-რუსეთის ომი, ჩვენი სამამულო ომი რუსეთთან, არ დასრულებულა. არ დასრულდება მანამ, სანამ ბარბარუსი დამპყრობლები არ დატოვებენ ქართულ წმინდა მიწას, სოხუმისა და ცხინვალის რეგიონებს, ცხუმ-აფხაზეთისა და ნიქოზის ეპარქიებს. ახლა ომმა პოლიტიკურ-დიპლომატიური ხასიათი მიიღო. ამასთან, როდის განაახლებენ არაადექვატური რუსი პოლიტიკოსები საომარ მოქმედებებს უცნობია. ყველაფრისათვის უნდა ვემზადოთ. დიპლომატიურის გარდა მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს შორის ფსიქოლოგიური და პროპაგანდისტული ომი. ამ ომსაც ჩვენ მომზადებული ვერ შევხვდით და, სამწუხაროდ, აქაც ვაგებთ. ქვეყნების, უფრო სწორად, სახელმწიფოების დაარსებას, არსებობას აქვს გეოგრაფიული, ეთნიკური და სხვა საფუძველები. მაგალითად, ტომობრივ გაერთიანებებს აყალიბებდნენ ერთგვარი წარმოშობის ტომები. მერე, მათ შეიძლება დაეპყროთ, შეეერთებინათ სხვა წარმოშობის ტომები, და მოეხდინათ მათი ასიმილაცია. მაგრამ ეს მხოლოდ მეორე ეტაპზე ხდებოდა. გარდა ამისა, ტომებისა და ტომთა გაერთიანებების შექმნასათვის, რომლისაგანაც მერე ეთნოსი იქმნებოდა, საფუძვლად გეოგრაფიული გარემო იქცეოდა ხოლმე. კერძოდ, ასეთი გაერთიანებების შესაქმნელად აუცილებელი პირობა ყოველთვის იყო ადვილად მისაწვდომობა, ურთიერთობა ერთმანეთში. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთ ნაპირებზე, სადღაც საფრანგეთში მცხოვრები ტომები და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე, სადღაც აფრიკაში, მცხოვრები ტომები, თუნდაც ნათესაური წარმოშობის ყოფილიყვნენ, ერთ ეთნოსად ვერ ჩამოყალიბდებოდნენ და ვერც ერთ სახელმწიფოს შექმნიდნენ ვერაფრისდიდებით. კონკრეტული ეთნოსი კონკრეტულ, საერთო ტერიტორიაზე ყალიბდება. თუ მას შუაში ჰყოფს რაიმე ზღუდე, ასეთ ვითარებაში ეთნოსი ვერ ყალიბდება. ასეთ ზღუდეებია, როგორც ვთქვით, ზღვა, უდაბნო, დიდი და გადაულახავი, თუნდაც ზამთრობით, მთაგრეხილები, დიდი და გადაულახავი, თუნდაც რამდენიმე თვით მდინარეები. უკვე ჩამოყალიბებული ეთნოსი, ახლა რომ გაყო და ზღუდის (ზღვა, მთაგრეხილი, უდაბნო და ა. შ.) აქეთ-იქით რომ დაასახლო, მან შეიძლება არ დაკარგოს საერთო თვისებები და ორ ეთნოსად არ გაიყოს. იმიტომ, რომ ახლა, XXI საუკუნეში, კომუნიკაცია (მიმოსვლა, კულტურული ურთიერთობა და სხვა), განვითარებულია, თანაც ეთნოსები უკვე ჩამოყალიბებულია. ამ მხრივ კი ვითარება სულ სხვაგვარი იყო მრავალი საუკუნისა და, მით უმეტეს, ათასწლეულების წინ. მაგალითად ირანელები და ოსები ნათესავები არიან, მაგრამ ერთი ერის წარმომადგენლები სულაც არ გახლავან, იმიტომ, რომ სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდნენ და სხვადასხვა ხალხად ჩამოყალიბდნენ. ასევე გერმანელები და ოსები, ათასი წლების წინ ნათესავები იყვნენ, მაგრამ ახლა, სხვადასხვა ადგილებში ცხოვრების გამო სულ სხვადასხვა ხალხია. კავკასია იმთავითვე დასახლებული იყო მონათესავე ხალხებით, იაფეტური ტომებით, იბერიელ-კავკასიელებით, მაგრამ, ერთ ხალხად ისინი არ ჩამოყალიბდნენ, იმიტომ, რომ ბუნებრივი ზღუდე, კავკასიის დიდი წყალგამყოფი ქედი, ჰყოფდა. სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა ქართველთა ერი, ასევე ყოფილი ალბანელები (აღმოსავლეთში), ხოლო ჩრდილოეთში ადიღეელები, ვაინახები და დაღესტნის ხალხები. განსაკუთრებით მთას ახასიათებს გაყოფა ხალხისა და დაუახლოება, არ დაახლოება ტომებისა. დაღესტანში თითქმის ყოველი მთის აქეთ-იქით, ოცდაათზე მეტი ეთნოსი ჩამოყალიბდა, თანაც ძირითადად იბერიულ-კავკასიური, მაგრამ, მაინც სხვადასხვა. მთების გადაღმა-გადმოღმა მცხოვრებლები სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენლები არიან, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ენაზე მეტყველნი. ოსური ეთნოსი კავკასიურ-იბერიული წარმოშობისა არ არის. მაშასადამე ის მოსული ერია. მოსულობა, მაინცდამაინც არ ნიშნავს გუშინ შემოჭრილობას, „მოთრეულობას“ და სხვა. შესაძლოა, ისინი დიდი ხნის წინ მოვიდნენ, შეიძლება რამდენიმე ათასეული წლის (თითქმის ორი) წინაც, მაგრამ, პირველადი ავტოქტონები მაინც იბერიელები არიან, ოსების არა მონათესავენი. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გასაყრელები არიან, ჩვენ სხვა რამეს ვამბობთ. თუ ოსები მოვიდნენ, მაშასადამე ან ჩრდილოეთიდან მოვიდოდნენ, ან სამხრეთიდან, კავკასიის დიდ წყალგამყოფ ქედზე. ქედ-ქედ ვერ ივლიდნენ აღმოსავლეთიდან, თუნდაც დასავლეთიდან. თანაც მთელი ხალხის სვლა, აქეთ თუ იქეთ, არ არის ერთი გარკვეული, მოკლე პერიოდის საქმე. ეს დროში გაწელილი ვითარებაა, თანდათანობითი. ოსები სამხრეთიდან მოსულები არ არიან კავკასიაში, მით უმეტეს, სამხრეთ და ცენტრალური კავკასიის გავლით, ეს ჩანს ისტორიიდან, წყაროებიდან და ფაქტობრივი მდგომარეობითაც. სამხრეთიდან მოსულები რომ იყვნენ, ჯერ ერთი, უფრო მეტნი სამხრეთში იქნებოდნენ, ანუ კავკასიის დიდი წყალგამყოფი ქედის სამხრეთით და ნაკლებნი კავკასიის დიდი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთში. საქმე კი სხვაგვარადაა. თან არც გადავიდოდნენ ჩრდილოეთში, მწირ მთიან მიწებზე, არც ავიდოდნენ მთებში. მეორე. სხვა ეთნოსთან, ანუ ქართველებთან ექნებოდათ ბუნებრივი ზღუდე, თავისი ეთნოსის გარშემო, როგორც ყველა ერს აქვს (ჰქონდა) ბუნებრივი ზღუდე. მაგალითად, ქართველებს ბამბაკის მთები სომხეთთან, შავი ზღვა დასავლეთიდან, კავკასიონი ჩრდილოეთიდან და სხვა. მით უმეტეს, მთავარი დასახლება არ ექნებოდათ ქართველების მეზობლად ველებზე და მთისწინებში (ვგულისხმობ ცხინვალს - ქრცხინვალს, რომელიც ისედაც ქართული ტოპონიმია). მესამე და მთავარი. ქართული კულტურა უფრო განვითარებული იყო ყოველთვის და ყოველ დროს ათასწლეულების მანძილზე (სამი ანბანი, ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია, ისტორიოგრაფია, პოეზია, არქიტექტურა...), უფრო განვითარებული იყო სახელმწიფოც (კულტურიდან გამომდინარე). მათ კი, საერთოდ, დამწერლობაც არ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, გინდა თუ არ გინდა, ისინი ქართულ ეთნოსში გაითქვიფებოდნენ დიდი ხნის მოსულები რომ იყვნენ. ასეთია ისტორიზმის მკაცრი კანონი. ჩვენ ვიცნობთ, კავკასიის მთის კალთებზე მცხოვრებ დვალების ისტორიას, ზოგი თვლის, რომ ისინი ქართული ტომი იყო, ზოგს ბაცბურად (ვაინახურად) მიაჩნია. ბევრი დვალი მოღვაწეა ცნობილი ქართულ კულტურაში, არც ერთი ოსურ კულტურაში, იმიტომ, რომ დვალები მწერლურ კულტურაში მოღვაწეობდნენ, ხოლო ოსებს მხოლოდ ფოლკლორული კულტურა ჰქონდათ იმ დროს და მეოცე საუკუნემდე. თუ მივყვებით ოსებისა და რუსების ნააზრევს, აქეთ სამხრეთში „იყო ოსეთი“ იქეთ ჩრდილოეთში არის ოსეთი და შუაში იყო ქართული კულტურის კუნძული? მაშ, როგორ მოხდა, რომ ერთი ეთნოსი ჩამოყალიბდა კავკასიის დიდი წყალგამყოფი ქედის გაღმა-გამოღმა, იმ პირობებში, როდესაც 6-7 თვით იკეტება ზამთარში გადასასვლელი ჩრდილოეთში სამხრეთიდან, და თანაც შუაში ცხოვრობდა ტომი, ქართული (თუნდაც ვაინახური) და არა ოსური. რა ოსებს, მაშინაც, ათასი წლების წინ, როცა ეთნოსები ყალიბდებოდა, რუსები ეხმარებოდნენ ავიაციით და ქედის აქეთ-იქით აფრენდნენ თუ ოსებს ჰგონიათ როკის გვირაბი ათასწლეულების წინ გათხარეს სლავებმა? ისე, რუსებიც, ოსების მსგავსად, განვითარების სხვა საფეხურზე იყვნენ მაშინ. ყველა, ვინც ერკვევა ისტორიაში, გეოპოლიტიკაში, ფსიქოლოგიაში, კულტურის ისტორიაში, გეოპროგნოზირებაში და ა. შ. იტყვის, რომ სტრატეგიულად ოსებს არა აქვთ ისეთი ტერიტორია დაკავებული, ჩრდილო ქართლი, რომ მისი ათვისება და მიერთება შეძლონ ოსეთზე („ჩრდილო ოსეთზე“). კავკასიონის ქედი ის ბუნებრივი ზღუდეა, რომელიც ღმერთმა დააწესა ქართველთა ქვეყნის სიმაგრედ (მოვა დრო და აფეთქდება როკის გვირაბი). არსად არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შუაში, თვეების მანძილზე მიუდგომლად, ჰყოფდეს მწვერვალები, ხოლო ჩრდილო და სამხრეთ (თუნდაც სხვა ნებისმიერი) განაპირა სასაზღვრო მხარეები დაბლობებს ადგებოდეს. ასეთ „სახელმწიფოს“ გეოსტრატეგიულად მომავალი არა აქვს. აღარაფერს ვამბობთ სხვა ფაქტორებზე. ჩვენი წერილი არ არის დაცინვა ოსების კულტურისა ან წარსულისა. ჩვენი წერილი არის მძაფრი არგუმენტები მათ გასაგონად, ვინც თავს იტყუებს, თითქოს ჩრდილო ქართლში არსებობს ან არსებულა სამხრეთ ოსეთი. ჩვენ ვაფასებთ ოსურ ფოლკლორს, კულტურას, მაგრამ ჭეშმარიტების დადგენისათვის კამათში, ხშირად სასაცილო ვითარებაში ვარდება ხოლმე უტიფარი. ასეთ უტიფართ უნებლიედ ეხმარება, გაუნათლებლობის, გონებრივი განუვითარებლობისა თუ გონებრივი სიზარმაცის გამო, ზოგიერთი ქართველიც, რომელიც ჩრდილო ქართლს სამხრეთ ოსეთად მოიხსენიებს. გაგრძელება იქნება |