• თბილისი
  • 35°C
  • 22 აგვისტო, 2017
article

გურამ დოჩანაშვილის 25 ფრაზა, რომელმაც დროს გაუძლო...

1) "ის ნიადაგი სადაც მცენარე მტაცებელი იზრდება ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება. ნიადაგის ბრალია.კარგად დაიმახსოვრე!"

2) "მანუელო კოსტამ იცოდა ყოველივე დაფარულის ფასი და უცნაური სიყვარული სჭირდა-მისი ორი ლამაზი თვალიდან გამომჭვირვალი მზერის შეხებისას რომელიმე უბირი ბუჩქი მაშინვე მანუელო კოსტას ბუჩქად გადაიქცეოდა და ბაობაბივით დიადდებოდა…"

3) ,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა."

4) ,,ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა… “მოიისფრო”, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა… “გავძეხი”, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა “მაშასადამე…"

5) "სიკვდილი რომ არ იყოს – აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით… 

ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს ..."

6) "ხმამაღალ-კარგი არ შეიძლება, ესეც ხომ საკუთარი სიკარგის დაგროვებაა, დაგროვება კი, თანხისა არ იყოს, შეგცვლის… ჩუმ-კარგი უნდა იყო. ვინც რა უნდა თქვას, ვისაც რა უნდა, ის გააკეთოს, შენ კი სიცუდეში არავის არ უნდა აჰყვე და ჩუმ-კარგი იყო…"

7) "ცუდ სიმთვრალეზე ცუდი ნამდვილად არაფერია ქვეყნად. – მტკიცედ გნვუმრტე. – ერთი რამაა ნამდვილად უფრო ცუდი.. – რა მაინც , შალვა?

რაღაცნაირად, სევდიანად შემომცქეროდა და მითხრა: – რა და, გერასიმე, ცუდი სიფხიზლე. გლახა სიმთვრალეს ეშველება, ცუდი სიფხიზლე თქვი შენ."

8) "ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლად დაწინწკლული აქვს, მეორე კი – სუფთა. და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვით ბრალი – იმ დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი წესიერად რომ მიაბიჯებს, იმიტომ გამოიყურება მეორე მშვენივრად და კარგად."

9) "დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით."

10) ,,ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს"

11) "ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი"

12) ,,ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ - კარგი. რამდენჯერ მოგვსვლია: შეხედავ კაცს - მოგეწონება, გაიცნობ -მოგეწონება, დაგელაპარაკება - მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ - უიმე, მტრისას… შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და…

პირიქითაცაა: შეხედავ - აგბურძგლავს, გაიცნობ - დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს - დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და… არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია - არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ - კარგია, გაიხედავ - ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ - ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ - მაინც ცუდი… წარმოგიდგენია? - ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც… და სულ ასე. საერთოდ კი, რომ აღინიშნოს, ამ მესამე კატეგორიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი შედის… ”

13) ,, - ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
- ადამიანი რომ გყვარებოდა!"

14) "ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი"

15) "…და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ …"

16) "ჩვენ ყველასა გვაქვს რაიმე დაფარულის აღმოჩენის წრიალა სურვილი…"

17) "წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ!"

18) ,,არაფერი ისე გადამდები არ არის როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი…"

19) „ნიჭიერი და ზარმაცი არ მწამს. ვაჟა-ფშაველა, ვან გოგი, მიქელ-ანჯელო, ფიროსმანი… ნიჭიერები კატორღელებივით მუშაობდნენ… “
20) "იმ ძნელ ხეს სულში ამოყვანა უნდა, ადამიანებო.თქვენს კლდოვან სულში!!!"

22) ,,ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე."

23) ,,ცხოვრებაში ძალიან ძნელია, კაცი რომ გამოიცნო, ლიტერატურაში კი, იცოცხლე, გაგიხარია - გმირი ან ცუდია, ან კარგი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უმცირესობაა მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი, უმრავლესობა კი ცუდ-კარგია… 

ასეთია შინაარსობრივად ჩემი აზრი, ამ ცუდ-კარგებს კი მოფერება უნდა, გაგება უნდა, დაყვავება; გაწყრომაც კი უნდა ხანდახან, დარიგებაც - მთავარია, უშუალო იყო. გაპრანჭულ ხალხს ვერ ვიტან, ის რა კაცია, სანამ პასუხს გაგცემს, ჯერ გუნებაში რომ აწონ-მოწონის და მერე ვერცხლის ლანგრით ჭკვიანურ პასუხს მოგართმევს - იმისი სიტყვა სხვაა, ის არაა ნამდვილი სიტყვა."

24) ,,იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება."

25) ,,ჩემი პრობლემა ძალიან რთულია და თუ გაინტერესებთ, მოგახსენებთ კიდეც: მე მინდა, რომ ჩემი ხელშეწყობით ადამიანები გახდნენ უკეთესები, ვიდრე არიან, რა თქმა უნდა, ყველას კი არ ვგულისხმობ; ეს მხოლოდ ჩემს ნაცნობებს შეეხება, ყველას სად გავწვდები, მაგრამ ეს რთულია, - ჰეე, როგორი რთული. ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ - კარგი.”