ჟურნალი Vogue მსოფლიოს მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამომცემლობაა. აღნიშნულმა გამომცემლობამ კი გადაწყვიტა, რომ უარი თქვას მეტად ახალგაზრდა და მეტად გამხდარ მოდელებთან მუშაობაზე.
აღნიშნული ჟურნალი მსოფლიოს 19 ქვეყანაში გამოდის და ახლადმიღებული კანონი თითოეულ მათგანზე ვრცელდება.
ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა საზოგადოდ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამომცემლობა უარს ამბობს 16 წელზე დაბალი ასაკის მქონე მოდელებთან მუშაობაზე. ასევე ჟურნალი არ გააფორმებს კონტრაქტს იმ მოდელებთან, რომლებსაც ანორექსიისთვის დამახასიათებელი პრობლემები აქვთ.
მოდელების შერჩევის დროს, ახალი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, რედაქცია მოდელებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს მოთხოვს, შემდეგ გამოარკვევს მათ წონასა და ჯანმრთელობას და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს მოდელთან კონტრაქტის გაფორმებაზე.
ახალი კანონმდებლობით, ჟურნალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ჩინეთში მუშაობას ივნისის ნომრიდან, იაპონიაში კი ივლისის ნომრიდან დაიწყებს.
შესაძლოა აღნიშნული მოთხოვნები მსოფლიოს სხვა მნიშვნელოვანმა გამომცემლობებმაც დააწესონ. რედაქტორები ამბობენ, რომ მათ ბუნებრივი სილამაზე სჭირდებათ და არა შიმშილის შედეგად მიღწეული სიგამხდრე.