[რუსიკო მუმლაძე] რა უნდა გაკეთდეს, “ნაციონალებმა” არჩევნებში ორი სამაგიდო სიით რომ არ იმოქმედონ და აყალბონ არჩევნები? როგორ უნდა დაისაჯონ აქტიური გამგებლები, რომ ადგილობრივ ოპოზიციას მოქმედების საშუალება არ მოუსპონ? თუ ხელისუფლება ზეწოლას მოახდენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე, დატოვებს თუ არა ის თავის პოსტს?ამ და ბევრ სხვა საჭირბოროტო კითხვაზე “პრესა.გე” ცესკოს თავმჯდომარეს ესაუბრა. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ხარატიშვილი დაპირებებს. ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო... ბატონო ზურაბ, თქვენგან ისმის განსხვავებულლი ტონით ნათქვამი განსხვავებული განცხადებები, რაც შეიძლება ცესკოს სხვა თავმჯდომარეებს უთქვამთ, მაგრამ ჩაკარგულა საარჩევნო აჟიოტაჟსა და უდობლობაში. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ყველაფრის რეალიზებას და ხომ არ დარჩება ზურაბ ხარატიშვილი არჩევნების შემდგომ იმედგაცრუებული? - ნამდვილად არსებობს პრობლემა საზოგადოების მხრიდან საარჩევნო პროცესისადმი. გამომწვევი მიზეზი ბევრია, მათ შორის, სუბიექტურიც, თუმცა, ამის წამლად, მე მხოლოდ ერთადერთ პრინციპს ჩამოვაყალიბებდი, ეს არის ნებისმიერი საქმიანობის გამჭვირვალობა. როგორ მივაღწევთ ამას? როგორ მივაღწევთ, და ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს ჩვენი სამოქმედო სტრატეგიის პროექტი 2010-2011 წლებისთვის. მისი ქვაკუთხედი არის გამჭვირვალობა და ცესკოს საქმიანობის ანგარიშვალდებულობა საზოგადოების წინაშე. მე ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა ეს იყო კომუნიკაციის არქონა საზოგადოებასთან და საარჩევნო პროცესით დაინტერესებულ სუბიექტებთან – პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასთან ვფიქრობ, რომ ჩვენი საქმიანობის განმსაზღვრელი, ძირითადი ვექტორი უნდა იყოს ის, რაც საარჩევნო პროცესისა და ადმინისტრაციისადმი ნდობას გაზრდის. ეს არ არის ადვილი და ყოველდღიურ მიზანმიმართულ საქმიანობას მოითხოვს. საერთაშორისო ორგანიზაციები რა კონკრეტულ მოთხოვნას გიყენებენ? - ცალ-ცალკე ბევრ თემაზეა ლაპარაკი, მაგრამ ჩვენი საქმიანობის სტრატეგიის საფუძველი გახდა ეუთოს მიერ საპარლამენტო არჩევნებზე შედგენილი დასკვნა. იქ გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური მიმართულება: საარჩევნო სიები, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისობა ვენეციის კომისიის პრაქტიკის საუკეთესო მოთხოვნებთან, არჩევნების სამართლიანად გაშუქების პრაქტიკის დამკვიდრება, ადმინისტრაციული რესურსის პრობლემა და ა.შ. ამ საკითხების გარშემო ვაყალიბებთ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც კონკრეტუულ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. ჯგუფში 4 წევრიდან 3 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია. მალე შეიქმნება ჯგუფი, რომელიც საარჩევნო დავების გადაწყვეტის ეფექტურ მეთოდებს შეიმუშავებს. აქ ჩავრთავთ უცხოურ ექპერტებს. ასევე ჩამოვაყალიბებთ ჯგუფს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას უზრუნველყოფს. ეს ჯგუფი, ალბათ, ამ არჩევნების შემდგომ უფრო აქტიურად დაიწყებს მუშაობას. თუმცა, აქედანვე უნდა შევამზადოთ ნიადაგი. როგორც ოპოზიცია აცხადებს, ადმინისტრაციული რესურსი იმდენად არის ჩართული საარჩევნო პროცესში და იმდენად აშინებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით რეგიონებში, რომ საუბარი რაიმე საჩივრის დაწერაზეც კი, ზედმეტია. დამკვირვებლების თვალწინ იყრება ნაციონალების მხარდამჭერთა ბიულეტენები, ხმების დათვლის პროცედურის წინ. მაგალითად, არჩევნების შემდეგ მოვიდა უბნის მონაცემი, სადაც 15000 კაციდან 15000-ვე ხმას ნაციონალებს აძლევს? იქნება თუ არა ზურაბ ხარატიშვილი თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში და შეეწინააღმდეგება თუ არა ხელისუფლებას? - მოდით, ასე ვთქვათ, გავმიჯნოთ ორი რამ: აქ ცალკე ხარატიშვილი კი არა, არამედ ცესკო უნდა მოქმედებდეს, რომელიც არის კოლეგიალური ორგანო და იქ ჩემს გარდა, 12 წევრია. მე, მათაგან განსხვავებით, ერთადერთი ადმინისტრაციული ფუნქცია მაქვს დამატებული - სხდომის წაყვანა. სხვა მხრივ, მე არანაირად განვსხვავდები მათგან, ერთი ხმა მაქვს მეც. ნუ, იქ თუ ხმები თანაბრად არ გაიყო და ჩემი ხმა - მოწინააღმდეგის მინდორზე გატანილი გოლი რომ ოქროდ ფასობს - ასეთ მნიშვნელობას არ შეიძენს. ამაშია საქმე. რომელ კარში გაიტანთ ოქროს გოლს? - ნუ, საითაც გასატანი იქნება. იმიტომ, რომ არანაირი ინტერესესი არ მაქვს, ვიღაცა იყოს ხელისუფლებაში, ვიღაცა წავიდეს, ვიღაცა მოვიდეს. მთავარია, სამართლიანი არჩევნების განცდა არსებობდეს. იდეალურად არჩევნებს ვერავინ ჩაატარებს. ნდობა უნდა არსებობდეს საარჩევნო პროცესისადმი. ხო, არ არსებობს ნდობა, უფრო სწორად, არსებობს არასაკმარისი ოდენობით. ადამიანს იმის მოსმენა უნდა, რაც თვითონ უნდა, და არა იმის, რაც რეალობაა. მედიასთან მიმართებაშიც უყურებენ იმ არხებს, რომლის მოსმენაც უნდათ და იქ ესმით ის, რისი გაგონებაც უნდათ. არ არის მოთხოვნა ობიექტური ინფორმაციაზე და ყველა მედიასაშუალება თავის სეგმენტის ინტერესს აკმაყოფილებს. ობიექტურობა კი შუაშია გამოკიდებული. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა ობიექტური შედეგები დადგეს არჩევნებზე, თუ სასურველმა კანდიდატმა არ გაიმარჯვა, ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს ფსიქოლოგიური მომენტი არის და მის ბოლომდე გადალახვას ვერ შევძლებთ, მაგრამ მომავალი არჩევნებისთვის ნიადაგს შევამზადებთ. თელავში გვქონდა რეგიონალური შეხვედრა და იქ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საკმაოდ ცხელი საუბარი გაიმართა. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია რომ აკრიტიკებდა, აი, იმ ოლქში მივედი და იქ არავინ დაგვხვდა, ისიც კი არ იცოდნენ, რომ ოლქის თავმჯდომარეები იქ ისხდნენ დარბაზში, სახეზეც არ იცნობდნენ. როგორც კი გაიგეს, რომ იქ იყვნენ, ცოტა შიშმუშნენ და გაიპარენ კიდეც. პირზე ვეღარ დაადგნენ, თუ აღარ დადგნენ, არ ვიცი. წვრილმანი კინკლაობდან იწყება და გროვდება უკმაყოფილება. იქ კი, ადგილზევე გაირკვა ყველაფერი. დავალება მივეცი, რომ ყოველ კვირას შეიკრიბონ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, რათა ტემპერატურა გამოუშვან, რომ კონფლიქტში არ გადავიდეს. კომუნიკაციის პრობლემაა ყველგან. ადამიანს არ მოუსმინეს და გაბრაზდა. გაბრაზებული ადამიანი კი… ძალიან ბევრი რამ წამოიწყეთ, მაგრამ რამდენად შეძლებთ ამ იდეების რეალიზებას და გადადგება თუ არა ზურაბ ხარატიშვილი თანამდებობიდან, თუკი მას არჩევნების გაყალბებას აიძულებენ? - თანამდებობაზე ყველაზე ნაკლებად ვარ ჩამოკიდებული, იმიტომ, რომ საჯარო სამსახურში პირველი პოზიციაა ჩემთვის. უბრალოდ, გამოწვევა იყო. მეც დაღლილი ამომრჩეველი ვარ და ერთხელ, ვიღაცამ რაღაცა ხომ უნდა დაალაგოს? მე ვცდი და თუ არ გამოდის, ვიტყვი, რომ მე ჩემი ვცადე, რაც შემეძლო, ჩემი რეპუტაციის ძალიან დიდი რისკის ფასად. გამოვა, გამოვა, არ გამოვა, რა ვქნათ, მთავარია, ადამიანი მართალი იყოს ღვთისა და თავისი სინდისი წინაშე. მე არ ვფიქრობ, რომ ზეწოლა იქნება. შეიძლება ყველამ თავისი აზრი თქვას, მაგრამ მე ყოველთვის ჩემი აზრი მექნება. თუ საჭირო იქნება, გადავდგები, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პასუხისმგებლობისგან გაქცევა, რადგან ეს ყველაზე ადვილია. მაშინ თავიდანვე ვიტყოდი, თავი დამანებეთ, სხვა თავმჯდომარე ნახეთ, იმან შეუშვიროს თავი ამ ქოქოლას-თქო. დიდი ხალისით არ მოვსულვარ, უბრალოდ, ძალიან საპასუხისმგებლო და საჭირო საქმეა და მეც მთელი ჩემი ძალისხმევით ვცდილობ, ეს საქმე ვაკეთო. ძალიან კარგი, მაგრამ საარჩევნო პროცესზე ადმინისტრაციული რესურსის გავლენის პრობლემის მოხსნას როგორ აპირებთ? აქ მარტო კომუნიკაციის ნაკლებობა არ არის პრობლემა. - კი. ჩვენ კანონმდებლობაში არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპია. რას ნიშნავს ეს: მაგალითად, სახელმწიფო შენობაში თუ მმართველი პარტია ატარებს სხდომას, ოპოზიციასაც უნდა მიეცეს ამის საშუალება. თანაბრობის პრინციპია. რეგიონებში ჩემი შეხვედრის მიზანი ისაა, რომ ვიღაცას, თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლის დონეზე, არ მოუნდეს არასწორი ინტერპრეტაციები აკეთოს და კანონის სავალდებულობა დავიდეს მათ დონემდე. ოლქების წარმომადგენლები გავაფრთხილე, რომ მაქსიმალურად იმუშაონ გამგებლებთან, სოფლისა და ქალაქის დონეზე, რათა მათ ყველას მისცენ წინასაარჩევნოდ სახელმწიფო რესურსების გამოყენების საშუალება. მაგალითად, წინა არჩევნებზე მახსოვს, ქრისტიან-დემოკრატები ჩიოდნენ, რომელიღაც რეგიონში კლუბში არ შუშვეს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაეტარებინათ. მარტო ცესკო ამას ვერ მოახერხებს, გამგებელი პირველ რიგში მმართველმა პარტიამ უნდა გააფრთხილოს, მას უფრო დაუჯერებს. რამდენად გიჭერთ ხელისუფლება მხარს? - კი, გასაგებია და ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ხელისუფლების იმ შტოსთან, რომლებიც არიან ამითი დაკავებული. გუბერნატორებს, ალბათ, ცალკე შევხვდებით. ჩვენ ადმინისტრაციული დაჯარიმების უფლება გვაქვს და სასამართლოში შეგვიძლია, საქმე ვაწარმოოთ, თუ ასეთი ფაქტები იქნება. აუცილებლად გამოვიყენებ ამ საშუალებას. ბოდიშით და ვიღაც ადგილობრივ ჩინოვნიკისთვის, რომელიც ვერც ხვდება, რას აკეთებს, მე უკან არ დავიხევ. რატომ დავაფარო ხელი? იმ ჩინოვნიკს, რომ ჰგონია, ვიღაცას რაღაცას აჩვენებს და უმტკიცებს, სინამდვილეში პროდუქტიულ საქმიანობას აფუჭებს. ერთი მომენტია, რომ გამოუკვლევი საქმეებით, ვიღაცა არ ვაჯარიმოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთი ორი პრეცედენტი თუ დაიშვება და ვიღაცა დაისჯება, ბიუროკრატები კარგად გებულობენ ხოლმე ასეთ მესიჯებს. მართალი გითხრათ, არ ვიცი, ხელისუფლება რას ფიქრობს, რადგან რაც გასაკეთებელია, არავის ვეკითხები და მე თვითონ ვაკეთებ. ჯერ ერთი, არა მგონია, მათი მხრიდან წინააღმდეგობა მქონდეს.. არავის სჭირდება ასეთი პრობლემები და შეიძლება, ადგილზე ვიღაცა ზედმეტად იცხელებს თავს. რეგიონებში ეს გამორიცხული არ არის და მათთან შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი შენიშვნები შემოვიდა ოპოზიციური პარტიების მხრიდან საარჩევნო სიებზე? - ამდენი ხანია, სიების გადამოწმება მიდის, მაგრამ ჯერ ბევრი შენიშვნა არ არის. ეს სიები ორი წლის წინ შემოწმდა და 2%-იანი ცდომილებაა დაშვებული. სახელში 98% სიზუსტე გვქონდა, გვარებში - 99,3%, მისამართებში - 96%. ახლა კიდევ მუშავდება სიები და მე ვფიქრობ, 1%-ზე მეტი არ უნდა იყოს უზუსტობა, რეალურად კი 0,7%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 3 მილიონ 600 ამომრჩეველში 1 პროცენტი 36 ათასი კაცია. ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიაზე, ძალიან ისე ვარ, რა, ალბათ, განცხადებას გავაკეთებ, გამოაცხადეს - 1 მილიონი კაცია ზედმეტიო. ზედმეტი 1000 კაცი მოიტანონ, რა, რომელიც ზედმეტია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან სერიოზულად მოვთხოვ პასუხს. პოლიციას უკვე ვესაუბრეთ და იმ კვირის ბოლოს სიას მოგვცემენ - ვინ არის ქვეყნიდან გასული, რომელიც არ შემოსულა ამ პერიოდამდე. 2008 წლის 1 იანვრიდან დავიწყებთ ათვლას, ვინ გავიდა და აღარ შემოვიდა 2010 წლის მარტამდე ქვეყანაში. მერე თუ შემოვა, წარმოადგენს შტამპიან პასპორტს და მიიღებს მონაწილეობას. მე ვფიქრობ, 100 ათასამდე მაინც იქნება.. 100 ათას კაცსაც რომ მიეწერება, გასულია საზღვარგარეთ, ესეც მნიშვნელოვანწილად შეზღუდავს მანიპულაციის შესაძლებლობას. შეიძლება, ინტეგრირებულ ბაზაში ჩავრთოთ და პირადი ნომრის საფუძველზე ავტომატურად მიეწერება – გასულია საზღვარგარეთ. როგორ მოვასწრებთ 30 მაისამდე? ორი წლის განმავლობაში საერთო ფორმატი უკვე შემუშავებული იყო და 200 ათასამდე ჩანაწერი იყო განსხვავებული.. ამათი ჩვენ სტანდარტში გადაყვანა ხდება. სიებში დიდი მოძრაობები არ იქნება. უფრო გარდაცვლილების გასწორება მოხდება, ალბათ. არ ვიცი, ოპოზიცია რა შესწორებებს შემოიტანს, მაგრამ 20 დღე გვაქვს და მოესწრება გადამოწმება. გადამოწმების ვადების გადაწევას, სიმართლე გითხრათ, იმიტომ დავთანხმდით, რომ ვფიქრობთ, ბევრი ჩასასწორებელი არ იქნება. ცდომილების თვალსაზრისით, ბევრად უკეთეს სიებს მივიღებთ, ვიდრე წინა არჩევნებში გვქონდა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ცდომილება 1%-ზე მეტი არ იქნება. 36 ათასი ადამიანის ცდომილება ძალიან ბევრია საქართველოსთვის და ეს თემა აუცილებლად იყვირებს არჩევნებზე... -ხო, მაგრამ, მოდით, ახლა და საერთო სტანდარტებით მივუდგეთ ამ თემას. სხვა ქვეყნებში ბევრად უფრო დიდია ცდომილება სიაში, მაგრამ იქ ნდობის ფაქტორია მაღალი და არ ყვირის ეს თემა. ნდობის ფაქტორი რომ მაღალი იყოს და ორმაგი სიების არსებობის შესაძლებლობა გამოირიცხოს, საინტერესოდ აყენებს საკითხს რესპუბლიკელი თინიკო ხიდაშელი: თუ ხელისუფლება ოპოზიციას არჩევნების შემდეგ საშუალებას მისცემს, გახსნას და გადაამოწმოს საბოლოო სიები, რომლებითაც უბნებში რეალურად მოხდა ხმის მიცემა და სადაც ამომრჩევლის ხელმოწერაა დაფიქსირებული, მაშინ ყველა დაიჯერებს, რომ არ არის ორი სია და არჩევნები არ გაყალბდა. -მანდ ცოტა სხვა პრობლემები გაჩნდა ყველას პარტიას სხვადასხვა მოთხოვნა აქვს და ამ მოთხოვნებს სხვადასხვა ღირებულება აქვს, როგორც ფინანსურად, ისე საორგანიზაციო და ფინანსური თვალსაზრისით. სიების ფორმირების შემდეგ, როცა ბოლო სია იდება მგიდაზე, არის ეჭვი, რომ იქ ხდება ცვლილებები. ითხოვენ, რამდენიმე კვირით ადრე გამოიკრას კედელზე, რომ მერე არ გამოიცვალოს. ჩვენ, შეგვიძლია, ყველა თხოვნა გავითვალისწინოთ, მაგრამ მანდ გასათვალისწინებელია ის, რომ ძალიან ბევრი პროცედურა არ უნდა ჩამოვაყალიბო ისეთი, რომელიც შესასრულებლად 3 500 უბანზე ძნელი იქნება. ყველამ უნდა ისწავლოს, დაადოკუმენტიროს და ა.შ. თბილისში ეგ ადვილია, მაგრამ წარმოიდგინეთ, პროცედურა ისეთი უნდა იყოს, რომ მარნეულში არაქართულენოვანმაც უნდა გააკეთოს და მაღალმთიან რეგიონშიც იგივე უნდა გაკეთდეს, ანუ შესრულება ტექნიკურად გართულდება. უნდა მოვიფიქროთ ოპტიმალური პროცედურები, რომლებიც არ მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას, მაგრამ გახდის სანდოს. სიები ფორმირდება, ამოიბეჭდება და გადაიგზავნება რეგიონებში, ამ დროს ვიდეოკამერებით, ნებისმიერი რაოდენობის ადამიანები დავადგეთ თავზე ამობეჭვდის პროცესს, ორი პრინტერია, ბოლო-ბოლო, ვუყუროთ ბეჭდვას, ხელი მოვაწეროთ სუყველამ და ისე გავაგზავნოთ უბნებში, რომ მერე 3 500-ვე უბანში დამატებითი პროცედურები არ ჩავატაროთ. აქვე მოვაწეროთ ხელი, გავაკონტროლოთ და გაკონტროლებული გავუშვათ ის სამაგიდო სიები. რაღაც ასეთი მარტივი პროცედურა შევიმუშავოთ, ვიდრე ფოტოგადაღებაა. ჯერ ოპოზიციასთან ასეთ დეტალებზე არ მილაპარაკია. მთავარი ჩემთვის ისაა, რომ ძირითადი ტვირთი გადმოვიდეს ცესკოზე, ვიდრე რეგიონებზე. მაგის რესურსი რეგიონებში, რომ ვინმე ამას გააკეთებს და მოფიქრებულად დაასაბუთებს, არ არის. ოქმებს ვერ ავსებენ ხოლმე, ძალიან ხშირად. 5-6 ციფრია ჩასაწერი და იმას ვერ აჯამებენ, მერე იწყება მთელი წივილ-კივილი და უბედურება. მაგათ რაღაც ფუნქციები რომ დავუმატო, უფრო რთულად წავა ყველაფერი. |