[ეკა ბაქრაძე] ავტომფლობელთა და ოპოზიციის ქმედებები ერთმანეთს ემთხვევა. უკვე მეორე კვირაა თბილისის ქუჩებსა და ავტოგასამართი სადგურებთან საპროტეტო აქციების მიმდინარეობს. საწვავის უაზრო ფასებს პოლიტიკოსებიც და უბრალო ადამიანებიც მწყობრიდან გამოჰყავს.უკვე ზედიზედ მეორედ საქართველოში საწვავზე მაღალ ფასებს ავტომოყვარულები გააპროტესტებენ. პროტესტის ნიშნად ავტომფლობელები კუს ტბის ასახვევთან იკრიბებიან და სახელწოდებით - „პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს“ აქციას გამართავენ. აქციას მსვლელობის სახე ექნება. აქციის წევრები მიმართავენ პოლიტიკურ პარტიებსა და თბილისის მერობის კანდიდატებს, ყურადღება მიაქციონ საწვავის მაღალი ფასების საკითხს, აღიარონ ეს პრობლემა და იმოქმედონ მის გადასაჭერელად. ამასთან, აქციის მონაწილეები მიმართავენ მთავრობასა და პარლამენტს, საწვავის ფასთან დაკავშირებული პრობლემა მოაგვარონ. საპროტესტო აქციის წევრები სპეციალურ მიმართვასაც ავრცელებენ, მათ შორის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე. „მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს: საწვავის ფასებთან დაკავშირებული პრობლემა ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, უსამართლო და მონოპოლიური ფასები კიდევ უფრო ამძიმებს ყოველი ჩვენგანის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
დადექით იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს გამოვხატავთ. თქვენ გაქვთ შესაბამისი ბერკეტები, რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ“, - ნათქვამია მიმართვაში. აქციის ერთ-ერთი ინიციატორის ლევან მარტაძის განცხადებით, საწვავით მოვაჭრე საცალო ქსელის მქონე კომპანიები მუშაობენ მოგების უპრეცედენტოდ მაღალი მარჟით. „ქართულ ფასებს ვადარებთ სხვა ქვეყნებში არსებულ მაჩვენებლებს. ვაკვირდებით ნედლი ნავთობის ფასების დინამიკას. დათვლის ნებისმიერი მეთოდი მარტივად მეტყველებს იმაზე, რომ საწვავით მოვაჭრე კომპანიების მიერ შემოთავაზებული ფასები არაადეკვატურად მაღალია, ჩვენთან არც თავისუფალი ბაზრის პრინციპები მოქმედებს და არც კონკურენტული გარემო არსებობს. კომპანიებს შორის არსებობს კარტელური გარიგება“, - ამბობს მარტაძე. ავტომოყვარულთა გათვლებით, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი მაქსიმუმ 1.30 ლარი უნდა ღირდეს. დღეს კი, „რეგულარის“ ტიპის საწვავი 1.70 ლარი ღირს. ალტერნატიული ფასები კი, არ არსებობს. „გვეუბნებიან, რომ ბაზარზე არის იტალიური, რუმინული, აზერბაიჯანული და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქტი. ბუნებრივია, მათი ხარისხი და ფასი განსხვავებული უნდა იყოს. ასევე, ბუნებრივია, რამდენიმე ათასი კილომეტრიდან იმპორტირებულ პროდუქტს გაცილებით მაღალი თვითღირებულება უნდა ჰქონდეს, ვიდრე მეზობელი აზერბაიჯანიდან შემოტანილს, თუმცა ფასები ერთნაირია“, - აღნიშნავენ ავტომოყვარულები. ავტომფლობელთა მზრად პროტესტს მხარს უბამს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. მეტიც, ოპოზიციონერებმა უკვე გამართეს აქციები და მსვლელობები. ლეიბორისტული პარტია საწვავის 25-20 თეთრით გაიაფებას მოითხოვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა განუცხადა, საქართველოში არიან მონოპოლისტი ნავთობკომპანიები, რომლებიც საწვავზე ფასს ხელოვნურად ზრდიან. „ნავთობკომპანიები „ვისოლი“, „ლუკოილი“, „რომპეტროლი“ და „სოკარი“, რომლებიც ქართულ ნავთობბაზარზე მონოპოლისტებს წარმოადგენენ, საწვავზე ფასებს ხელოვნურად ზრდიან და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, საქართველოში საწვავი ისევ ისეთი ძვირია, როგორც მაშინ, როცა 1 ბარელი ნავთობი 150 აშშ დოლარი ღირდა“, - განაცხადა შატბერაშვილმა. ამასთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიის წევრებმა თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია თავდაპირველად „ლუკოილის“ სათავო ოფისთან გაიმართა, შემდეგ კი რამდენიმე ათეული მანქანისგან შემდგარმა კოლონამ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. |