[თემურ დოლიძე] კალაძემ თავისას მიაღწია. ცნობილმა ფეხბურთელმა რაც ლაშა ჟვანიასთან ვერ შეძლო, ის ზურაბ პოლოლიკაშვილთან მოახერხა. სულ მინიმუმ რამდენიმე წელი კალაძე მილიონების ერთბაშად გადახდისაგან თავისუფალი იქნება.ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კახი კალაძის „კალა კაპიტალს“ „არსენალ სითის“ პროექტით აღებული ვალდებულებების შესრულების ვადები გაუხანგრძლივა. ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილსა და კახა კალაძეს შორის გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. როდემდე გახანგრძლივდება ვადა და სხვა დეტალები პროექტის შესრულებასთან დაკავშირებით, ჯერ არ კონკრეტდება. „შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ორივე მხარე მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს პროექტის განხორციელებას, რაც მნიშვნელოვანია არამარტო „კალა კაპიტალის“, არამედ ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის. ველოდებით თანხმობას ინვესტორების მხრიდან, თუმცა, შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტი უნდა დასრულდეს, მიღწეულია“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა. მისივე თქმით, „კალა კაპიტალის“ მიმართ ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის გამო, საჯარიმო სანქციების დაწესების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. სამინისტრო კომპანიას ინვესტორების მოძიებაშიც დაეხმარება. თავად კალაძეც აცხადებს, რომ პროექტზე უარის თქმას არ აპირებს. უფრო მეტიც – ის ამ პროექტის ფარგლებში 25 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. სხვათა შორის, კალაძე არსებული პრობლემების მიუხედავად სულაც არ აპირებს საქართველოში კაპიტლადაბანდებები შეამციროს. მაგალითად, 2009 წლის ბოლო დღეებში გაირკვა, რომ ცნობილი ფეხბურთელი თავის საკუთრებაში მყოფ „პროგრეს ბანკში“ წამყვან იტალიურ ბანკს შემოიყვანს. „ინტენზა სან პაოლომ“ წინასწარი ინფორმაციით, სოლიდური ინვესტირების სანაცვლოდ, „პროგრესს ბანკის“ 25-30 პროცენტი უნდა მიიღოს. ასე რომ, კალაძის ბიზნესპროექტები კვლავ აქტიურია. თანაც პოლოლიკაშვილის თქმით, შესაძლოა, „არსენალ სიტის“ პროექტში მონაწილეობის მისაღებად სხვა კომპანიასაც მოუხმონ. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა „კალაძის პრინციპით“ მუშაობს სხვა ინვესტორებთანაც, რომლებმაც ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლეს. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღემდე არცერთი ინვესტორი არ დაგვიჯარიმებია. პირიქით, ყველა კომპანიის საკითხს ინდივიდუალურად განვიხილავთ და მაქსიმალურად ვცდილობთ ურთიერთშეთანხმების გზით ვიპოვოთ გამოსავალი, თუმცა, ეს სახელმწიფოს ინტერესების შელახვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა. კახა კალაძის „კალა კაპიტალის“ მიერ დაფუძნებულმა „არსენალ დეველოპმენტმა“ ყოფილი არსენალის შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი 2008 წელს 38 020 000 აშშ დოლარად იყიდა. კომპანიას „არსენალ სითის“ პროექტი უნდა განეხორციელებინა, რომელიც არსენალის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და კომერციული ფართების, სამთავრობო სტრუქტურების, ასევე, გასართობი ობიექტების მშენებლობას გულისხმობდა. პროექტი 2010 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, კალაძემ რამდენიმე თვის წინ, მაშინ, როცა ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია იყო, პროექტის დაწყების 2 წლით გადავადება ითხოვა, რაზეც პასუხად უარი მიიღო. უარის მოტივად მაშინ ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიის მიერ საპრივატიზაციო ხელშეკრულების დარღვევა დაასახელა, რადგან მას საპრივატიზაციო თანხა 19 მლნ აშშ დოლარი აქვს გადასახდელი. |