[ლევან მარტაძე, „ბანკები და ფინანსები“] ვერა ქობალია საქმეს შეუდგა. მართალია, მას ეკონომიკის სამინისტროში საპრივატიზაციო ოფისები ჯერ არ მოუწყვია, თუმცა, გასაყიდი ობიექტების ნუსხა უკვე გამოაქვეყნა და მყიდველებსაც გულღიად ეპატიჟება.პრივატიზაციის ქართული მოდელისა და მისი თავისებურებების შესახებ `ბანკები და ფინანსებს~ საკმაოდ ხშირად დაუწერია. ჩვენ ვაღიარებთ ინვესტიციების როლს ეკონომიკის განვითარებაში, ინვესტიციის პროცესში პრივატიზაციის მნიშვნელობაც გვესმის, თუმცა, პრივატიზაცია და გაყიდვა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. პრივატიზაცია უნდა იყო სახელმწიფოს მხრიდან კარგად გააზრებული პროცესი, თუ რა შედეგი მოჰყვება ამა თუ იმ ობიექტის გასხვისებას, რა შედეგს მოიტანს ის მთლიანად ეკონომიკის განვითარების კუთხით. აქედან გამომდინარე, პრივატიზაცია ძალიან ფაქიზი პროცესია და მას კომპეტენტური გააზრება სჭირდება. სხვა თემაა გაყიდვა - ეს არის ერთჯერადი აქტი, რომლის თანახმადაც გამყიდველი გადასცემს მყიდველს გარკვეულ აქტივს და მყიდველი უხდის გამყიდველს გარკვეულ თანხას. ტენდენციურობაში რომ არ ჩამეთვალოს, მე არ გამოვთქვამ აზრს, ვერა ქობალიას საპრივატიზაციო პოლიტიკა ნამდვილი პრივატიზაციაა თუ უბრალოდ გაყიდვა. უბრალოდ, პროცესს აღვწერ. მინისტრად დანიშვნის შემდეგ ვერა ქობალიას ხედვა, ერთ-ერთმა პირველმა, პარლამენტარმა გიგი წერეთელმა შეამჩნია, რომელმაც ახალ მინისტრზე აზრის გამოთქმისას მხოლოდ ის განაცხადა, რომ მას საინტერესო ხედვები აქვს. საინტერესოა, რა არის საინტერესო ბატონი გიგისთვის ეკონომიკის მინისტრის ხედვაში, ის ხომ ახალს და განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს. ბენდუქიძის შემდგომ ეკონომიკის ყველა მინისტრმა ზუსტად იცოდა, რა იყო მისი მთავარი მოვალეობა, - პრივატიზაციად წოდებული პროცესის ორგანიზება. ქალბატონმა მინისტრმაც დაიწყო ამ საქმის ორგანიზება. ისე, როგორც ჩვეულებრივ საკოლმეურნეო ბაზარში ხდებ(ოდა)ა, - ჩამოწერა საპრივატიზაციო ობიექტების სია (ნუსხა) და განაცხადა, რომ დახლსაც მალე გაარემონტებს. ამ შემთხვევაში, ეკონომიკის მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის მეორე სართულზე, შეპირებული გამჭვირვალე ოფისი, მხოლოდ დახლად უნდა აღვიქვათ. ორშაბათს გამომცემლობა “სამშობლოს” შენობიდან იქ შესახლებული დევნილების გამოსახლება დაიწყეს. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სამშობლო” 23 ივლისს გამართულ აუქციონზე უნდა გაყიდულიყო. თუმცა, გამომცემლობის შენობის გასხვისება გადაიდო. როგორც სამინისტროში განმარტავენ, საპრივატიზაციოდ მისი განმეორებით გამოტანა შენობის ხელახალი აზომვითი და ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება. გამომცემლობა “სამშობლოს” საწყისი გასაყიდი ფასი 12 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა. ერთი სიტყვით, ქალბატონმა ვერამ ენერგიულად დაიწყო - რასაც თვალს დაადგამს, უმალ საპრივატიზაციო ნუსხაში ათავსებს. საინტერესოა, რატომ მოხვდა თვალში ახალ მინისტრს მაინცდამაინც “სამშობლო”. როგორც ჩანს, ქალბატონმა ვერამ საქართველოში დაბრუნების შემდეგ იქ მცხოვრები ახლობლები მოინახულა. ქალბატონი ვერაც ხომ აფხაზეთიდან დევნილია, ისევე როგორც გამომცემლობის შენობაში შესახლებული ადამიანები. მოინახულა და მსუყე ლუკმაც აღმოაჩინა. ქალბატონი ვერა ხომ ახლობლებს არ წყალობს. მან განაცხადა, ახლობლებს თანამდებობებზე არ დავნიშნავო. ასე რომ, ქალბატონი ვერას პერსპექტიულ და თქვენი საქმის პროფესიონალ ახლობლებს, უახლოეს მომავალში თანამდებობრივი წინსვლის იმედი ნუ გექნებათ. ეცადეთ, ოჯახშიც არ მიიპატიჟოთ, თორემ, თუ მინისტრს თქვენი საცხოვრებელი მოეწონა, რამდენიმე დღეში გამოგასახლებენ, აზომავენ და საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეიტანენ. ერთი სიტყვით, დევნილმა ვერა ქობალიამ დევნილები “სამშობლოდან” გააძევა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამომცემლობის შენობიდან გამოსახლებულ დევნილებს საცხოვრებელ ადგილებს ოზურგეთში შესთავაზებენ. ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე შეიცვალეს საცხოვრებელი, ის გარემო, სადაც ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. 17 წლის წინ ამ ადამიანებმა ცხოვრება თავიდან დაიწყეს, ახალ გარემოში და ახალ რეალობაში. დღეს ხელისუფლება ათეულობით ასეთ ოჯახს კიდევ ერთხელ აბრუნებს საომარ სიტუაციაში, მათ წინააღმდეგ ამჯერად ქართული პოლიცია და საქართველოს მთავრობა გამოდის, უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებულებმა კი ოზურგეთში უნდა გაარგძელონ ცხოვრება, სადაც მათ ისევ თავიდან მოუწევთ ყველაფრის დაწყება. და ამას ჰქვია პრივატიზაციის პროცესი. დავსვათ კითხვა: რაში სჭირდება სახელმწიფოს პრივატიზაცია, ინვესტიციები, ის ფული, რომელსაც გამომცემლობის შენობის გაყიდვის შედეგად მიიღებს, ან, ზოგადად, რა საჭიროა ეკონომიკის მდგრადად თუ მყარად განვითარება, თუ ის საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს დააზიანებს, უფრო მეტიც, თუ ეს პროცესი მათ ცხოვრებას კიდევ ერთხელ დაანგრევს?! დევნილები შექმნილ სიტუაციას მშვიდობიანი აქციებით აპროტესტებენ. “ბ&ფ”-სთან დევნილების მდგომარეობის შესახებ ამ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და კონსერვატორული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა ისაუბრა. - “დევნილების დაკმაყოფილება არ შეიძლება დაერქვას იმას, რაც შესთავაზეს გამომცემლობა “სამშობლოს” შენობიდან გამოსახლებულ ადამიანებს. დევნილებს სთავაზობენ მიყრუებულ სოფლებში გადასვლას ზაფხულის პერიოდში მაშინ, როცა იმ ადამიანებსაც კი, ვისაც შეუძლია, რომ სოფლის მეურნეობით დაკავდეს, ამის საშუალება არ ექნებათ. ზაფხულში არცერთი სასოფლო-სამეურნეო კულტურა არ მოდის. ყველამ ვიცით, ხვნა-თესვა გაზაფხულზე იწყება. ანუ, ერთი წლის განმავლობაში ამ ადამიანებს შიმშილი ელით. გარდა ამისა, ამ ადამიანებს მიწის ნაკვეთებს არც სთავაზობენ და სოფლის მეურნეობის წარმოებაზე საუბარი ზედმეტიცაა. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან მხოლოდ ზეპირი დაპირება მიიღეს, ისიც, დედის გინების თანხლებით. დევნილთა უმრავლესობა დროებით საკუთარ ნათესავებთან და ახლობლებთან გადავიდა. ბევრი კი ქუჩაში დარჩა, რადგან წასასვლელი არსად აქვთ”, - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი. საინტერესოა, თუ აქვს ამ ქვეყანაში ვინმეს ეკონომიკის მდგრადად, მყარად თუ საფუძვლიანად განვითარების სამინისტროს ფუნქცია და როლი?! რატომ ჰგონიათ, რომ ეკონომიკის მინისტრი მხოლოდ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის შედეგებზე უნდა ფიქრობდეს?! ალბათ, “სამშობლო” გაიყიდება, ალბათ, სხვა ობიექტების პრივატიზებაც მოხდება, ალბათ, ინვესტიციებიც შემოვა და ალბათ, ბიუჯეტიც შეივსება, მთავარია, რომ შესრულდება საპრივატიზაციო გეგმა და ვერა ქობალია მინისტრის სავარძელს შეინარჩუნებს. მას ხომ მიზნად გაყიდვა დაუსახეს და არა ეკონომიკის გრძელვადიან პერსპექტივაზე ზრუნვა. |