• თბილისი
  • 11°C
  • 22 თებერვალი, 2019
article

მამა ათანასეს თქმით, Bentley-ი მისი არაა და საჭესთან ცნობისმოყვარეობის გამო დაჯდა

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მამა ათანასე კარანაძის ფოტო გავრცელდა, რომელზეც ის "ბენტლის" მარკის ავტომობილში ზის. ფოტო ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზეა გადაღებული.

ფოტო სოცქსელის მომხმარებლებში პოპულარული გახდა და ის არაერთმა ადამიანმა გააზიარა. ცოტა ხნის წინ კი მამა ათანასემ Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსი დაწერა, რომელშიც ძვირადღირებული ავტომობილით გადაადგილების მიზეზებს განმარტავს.

როგორც სასულიერო პირი წერს, მანქანა მის ახლობელს ეკუთვნის, საჭესთან კი როგორც თვითონ წერს, "ცნობისმოყვარეობის მიზნით დაჯდა". 

"აღნიშნული მანქანა არის 2006 წლის "ბენტლი", რომელიც ეკუთვნის ჩემს ახლობელ ადამიანს. თუნდაც ცნობისმოყვარეობის მიზნით, რომ დავმჯდარიყავი საჭესთან და მანქანა გამეტარებინა ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი კუთვნილებაა, ხვალ რომ PORSHE-ს საჭესთან დავჯდე ასევე ანალოგიური ცნობისმოყვარეობით, რომელიც ჩემს ბევრ ახლობელ ადამიანს ჰყავს ე.ი ჩემიაა? 

ხალხო: ნუთუ ვერ ატყობთ, რომ ყველა რაღაცნაირად გაბოროტებულია და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და ერთი სული აქვს ვინმე რაიმეთი გააკრიტიკოს და მიწასთან გაასწოროს. ამ კატეგორიას ის უფრო უხარია, რომ როცა წაქცეული ხარ მაშინ გითანაგრძნოს, ხოლო შენი სიხარული და წარმატება კი არად ადარდებს. მე ამას გულისტკივილით ვამბობ, ღმერთმა დამიფაროს ვინმეს წარმატება და კეთილდღეობა შემშურდეს. ისე ცნობისათვის, ვისაც დააინტერესებს ჩემი პიროვნება შეგიძლიათ facebook -ზე ნახოთ ჩემი მონასტერი და თუ გექნებათ სურვილი, შემდგომში მობრძანდეთ და ადგილზე დაათვალიეროთ და ნახოთ, რა იყო 6 წლის წინ და ამჟამად როგორ გამოიყურება და ეს ყველაფერი მადლობა ღმერთს ჩემი და ჩემს გვერდში მდგომი ადამიანების შრომის შედეგია... ", - წერს მამა ათანასე Facebook-ზე.

თეგები :