• თბილისი
  • 11°C
  • 22 თებერვალი, 2019
article

ფეიკ-ნიუსების ლაბორატორია - „ქართული ოცნების“ ყველაზე ბინძური მეთოდები

ლიეჟის შეხვედრიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლება ტყუილებსა და ფეიკ-ნიუსებზე დგას. 

„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში ყველაზე ბინძური მეთოდით - ჩვილი ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დაბრალებით მოვიდა, კიდევ ერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზები და დაგვანახა, რომ ყველაფერზე წამსვლელია... 

ფეიკი პირველი

მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ათასობით ემიგრანტის ლიეჟში შეხვედრამდე, სამთავრობო მედია-რესურსების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამემამულეთა მსოფლიო კრება ეროვნული მუზეუმიდან მოპარული ცნობილი ყელსაბამის - კუს გამოსახულებიანი 12 ფიგურის გაყიდვით დაფინანსდა.

ფეიკ-ნიუსის მიხედვით, თითქოს კუს ხელსაბამიდან 12 ფიგურა 2011 წელს მოიპარეს და ახლა, სოსო თოფურიძის მეუღლემ გაყიდა და აღებული თანხით თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრა დააფინანსა. 

ეს ბინძური ტყუილი სწრაფადვე აიტაცეს სამთავრობო ფეისბუქ-გვერდებმა და ოპერატიულად გაარეკლამეს. 

ხოლო ეროვნული მუზეულის დირექტორმა, განცხადება იმის შესახებ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ იყო, მას შემდეგ გაავრცელა, რაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ტყუილში დაარწმუნეს - გებელსის ცნობილი მეთოდით.

სინამდვილეში კი, ივანიშვილმა ამ ფეიკ-ნიუსით ორი კურდღლის დაჭერა სცადა. საქმე ისაა რომ ოლიგარქი,  ხელოვნების მუზეუმის ავლაბრის რეზიდენციაში გადატანასა და მისი შენობის ხელში ჩაგდებას აპირებს - პანორამას რომ მიუერთოს. 

როგორც ჩანს, კუს გამოსახულებიანი ყელსაბამის გამოყენებით, ივანიშვილმა, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის დაზიანება სცადა და მეორე მხრივ, დაიწყო მომზადება ხელოვნების მუზეუმის შენობის ხელში ჩასაგდებად (პროპაგანდით: ისინი ეროვნულ საგანძურს ყიდდნენ და დიდი ამბავი თუ მე მუზეუმის შენობას წავიღებ)...

ფეიკი მეორე

პარალელურად, ვრცელდებოდა კიდევ ერთი აშკარა, თუმცა გარეკლამებული ფეიკ-ნიუსი. 

კერძოდ, სოციალური ქსელის მომხმარებელმა, „ქართული ოცნების“ აქტივისტმა და ლიეჟში ჩასულმა პროვოკატორმა, ვინმე ბექა გოგოსაშვილმა  შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა რომ ბელგიის პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მიადგილე, დათა ახალაია და ბიზნესმენი გია უდესიანი დააკავა.

ვინმე გოგოსაშვილის ეს სტატუსი მალევე წაიღო და საიტზე დადო გამოცემა „პრაიმ ტაიმმა“. სტატუსი სოციალურ ქსელშიც აქტიურად გარეკლამდა. 

ხოლო, ტელეკომპანია „იმედმა“, „პრაიმ ტაიმზე“ დაყრდნობით ეთერში ატრიალა ფეიკ ინფორმაცია, რომ თითქოს ლიეჟის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, დათა ახალაია და გია უდესიანი დააკავეს.

თუმცა, დღის ბოლოს, როდესაც „ოცნების“ პროვოკატორებმა ლიეჟის შეხვედრის ჩაშლა სცადეს, ტელეკომპანი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, ფეისბუქ-სტატუსის ავტორმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა აღიარა, რომ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. 

ბექა გოგოსაშვილმა განაცხადა, რომ დათა ახალაია და გია უდესიანი არ დაუკავებიათ და მას ისინი სხვა დაკავებულებში აერია. 

ეს ის მეთოდებია, რომლებსაც ივანიშვილის ხელისუფლება რუსულ სტილში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის დროს იყენებს - იქნება ეს არჩევნები, ოპოზიციის გააქტიურება თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეხვედრები.

„ქართული ოცნება“ არ ერიდება არაფერს: არც საკუთარი მოქალაქეების მოტყუებას, არც საერთაშორისო სკანდალებს და არც სპეცსამსახურების გაშვებას ევროპაში - მოქალაქეებზე თვალთვალის მიზნით.