• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

767 ადამიანი მოითხოვს, ყოველი მოქალაქე ქვეყნის რეალურ მესაკუთრედ იქცეს

საქართველოს ყოველი მოქალაქე ქვეყნის რეალურ მესაკუთრედ უნდა ვაქციოთ, - 767 მოქალაქე ამ მოთხოვნით პარლამენტს პეტიციით მიმართავს.

მოქალაქეები მოითხოვენ, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ყოველთვიურად გაიცეს 1000 ერთეული სპეციალური საინვესტიციო ფული - „ინვესტი“ და ნებისმიერი ქონება, რომელსაც სახელმწიფო გასაყიდად გამოიტანს, გაიყიდოს მხოლოდ ინვესტებზე, ღია, საყოველთაო ელექტრონულ აუქციონებზე, ლოტების ან აქციების სახით.

767 მოქალაქე წინადადებას შემდეგნაირად ასაბუთებს:

„რათა გამოსწორდეს საქართველოს მოქალაქეთა მატერიალური და ფინანსური მდგომარეოება;

რათა მოქალაქეებს და ქვეყანას ხელი აღარ შეეშალოთ თავიანთი სიმდიდრის ოპერატიულად მოხმარებასა და შემდგომ გამდიდრებაში;

რათა ეკონომიკურად გამოცოცხლდეს განადგურების პირას მისული, არარენტაბელურად, ხალხისა და ქვეყნისთვის უსარგებლოდ გამოყენებული ან სრულებით გამოუყენებელი ქონება.

რათა შეწყდეს ერთეულების გამდიდრება სახელმწიფო ქონების პრივატიზების ხარჯზე და მაქსიმალურად აღმოიფხვრას შესაბამისად მოქმედი და შესაძლო კორუფციული რისკი;

რათა ადმინისტრაციული, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მდგომარეობის ან ფინანსური სიძლიერის მქონე სუბიექტებს აღარასდროს შეეძლოთ საზოგადოების დაუკითხავად და მისი ნების გარეშე საერთო სიმდიდრიდან რამის მითვისება;

რათა „ბოლშევიკების“ მიერ ნაციონალიზებული და მოქმედი მთავრობების ხელში დღემდე უფასოდ შენარჩუნებული გიგანტური ქონება და შესაბამისი ძალაუფლება, ასევე, უფასოდ დაბრუნდეს უშუალოდ მოქალაქეთა ხელში - შეძლებისდაგვარად თანაბარი გადანაწილებით;

რათა საქართველოს ყოველ მოქალაქეს გაუჩნდეს შესაძლებლობა, პირადი ფინანსური უზრუნველყოფითა და პასუხისმგებლობით, სახელმწიფოს სახსრების დაუხმარებლად, გამოავლინოს მრავალფეროვანი სამეწარმეო ინიციატივები", - ვკითხულობთ საკანონმდებლო წინადადებაში.

თეგები :