• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

"ახალგაზრდები გარბიან იმ ქვეყნიდან, სადაც მოქმედი ხელისუფლების ერთადერთი “ღირსება” ისაა, რომ მიშა არაა"

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ გიგანი "ფეისბუქში" ვრცელ პოსტს აქვეყნებს, გთავაზობთ მას.

"მე ვარ ახალგაზრდა, ქართველი გოგო, რომელსაც სამშობლო შოკოლადზე მეტად მიყვარს. მე ვარ ახალგაზრდა ქართველი გოგო, რომელსაც ჩემი ქვეყნის ხელისუფლების მიერ განცდილი ფიასკო მეგობრებს ართმევს. პირადად ჩემს ახლო სამეგობროში, 3 ადამიანი ემზადება ქვეყნიდან გასაქცევად. 3 ახალგაზრდა, ნიჭიერი, განათლებული, ჯანმრთელი ადამიანი, რომელთაც ამ ქვეყანაში ვერაფერს მიაღწიეს, ვერც უკეთეს მომავალს ხედავენ და იმდენად ატანა აღარ აქვთ აქ ცხოვრების, რომ მზად არიან სრულიად უცხო ქვეყანაში, უცხო ქვეყნის ბავშვებს ასწავლონ ან შშმ პირებს და მოხუცბულებს მოუარონ.

გარბიან ქვეყნიდან, სადაც მტრის დაფინანსებული კამპანიების შედეგად ქართველს ქართველი ძულს. სადაც მოქმედი ხელისუფლების ერთადერთი “ღირსება” ისაა, რომ მიშა არაა. სადაც ჯანდაცვა ისეთ დონეზე გვაქვს, რომ მარტივი პრობლემით მისულ ჯანმრთელ ადამიანს, არასწორი დანიშნულებით 3 ახალ პრობლემას გაგიჩენენ. სადაც ნომერ პირველი პრობლემა, სიღარიბეა, თუმცა ყველაზე აქტუალური თემა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაა.

ესაა ქვეყანა, სადაც განათლებულ, მრავალდიპლომიან ადამიანს, სამსახურის მოძებნა მიჭირს. ქვეყანა, სადაც დასაქმებულს დამსაქმებელი შრომის ანაზღაურებას სამათხოვროს უხდის. ქვეყანა, სადაც ორსულ ქალებს სამსახურიდან ათავისუფლებენ. ქვეყანა, სადაც 1 სამსახურის ხელფასი უმრავლესობას არ ყოფნის და ყველას 2-3 ადგილას გვიწევს მუშაობა. ქვეყანა, სადაც თუ შენი მშობელი ევროპა-ამერიკაში ბებოს არ უვლის ან მამაშენი-ბიძაშენი, მოსკოვებში ფულებს არ ღუნავს, ბინას ვერ იყიდი. 

ქვეყანა, სადაც ბანკის პროცენტები იმხელაა, რომ სესხის აღებას, პირდაპირ საფლავი გაითხარო ჯობია. ქვეყანა, სადაც მძიმე დიაგნოზის დასმის შემთხვევაშიც, ბრძოლას სიკვდილი გირჩევნია. ქვეყანა, სადაც ახალგაზრდა, ენთუზმიაზმით სავსე, შრომისმოყვარე კაცს შესაძლებლობები არ ეძლევა და პერსპექტივები აქვს მიზერული. სად განვიცადეთ პროგრესი? ფურცელზე? თუ ჩვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ძვირადღირებულ, კომფორტულ სახლებშია პროგრესი? თუ მათ ძვირფას მანქანებში? თუ გაბოზებული ქართველი ქალების ძვირფას ქურქებში და რეინჯ როვერებში? ხალხისთვის ვინ რას აკეთებს? ხალხიც კი დადუმდა... იმის ნაცვლად, საარჩევნო კამპანიებზე, ან თუნდაც რიგით დღეს, იმას ვისმენდეთ, თუ რას შეცვლის უკეთესობისკენ მთავრობა, რომ მწვავე პრობლემებს დღის წესრიგში დააყენებს, რომ ქვეყნიდან ახალგაზრდა არ გაექცევა, რომ ავადმყოფი ტკივილისგან და უწამლობისგან ხელში არ ჩააკვდება, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვი შიმშილის ზღვარზე არ მივა, იმით გვიხვევთ თვალს, რომ მიშას ყველაფერი ჯობია? წინა მთავრობის ცუდ ქმედებებზე მითითებით, თქვენი უმოქმედობა ვერ გამართლდება. 

ის მთავრობა 2012 წელს შეიცვალა და თქვენ 6 წელი იმით ამშვიდებთ ხალხს, რომ მთავარია ნაცები არ დაბრუნდნენ. თუმცა რით გაგამტყუნოთ, სხვა რა გაქვთ სათქმელი? მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა, რომელსაც ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე გული შემტკივა, გიკრძალავთ არგუმენტად მომიყვანოთ წარსული მთავრობის წარსული ცოდვები. ჩემი ხმა თქვენს მიერ მიღწეული შედეგებით უნდა დაიმსახუროთ, იმიტომ რომ მე არ ვარ იმ ბრბოს ნაწილი, რომელსაც წინა მთავრობის ზიზღი და შიში ისე გამოყვა, რომ ყველაფერზე თანახმაა, ოღონდაც ნაცები არ დაბრუნდნენ. რა სახის პოლიტიკაა ეს? რა მუტაცია აქვს განცდილი? როდემდე ვუყუროთ ამ სამარცხვინო სპექტაკლს? გრცხვენოდეთ..."- წერს მარიამი. 

თეგები :