• თბილისი
  • 6°C
  • 18 იანვარი, 2019
article

როგორ და რატომ აშანტაჟებს ივანიშვილი კალაძეს - სკანდალური ფაქტები

თბილისის მერს, რომელიც გრიპის ეპიდემიის დროს ალპებში პოზირებდა, ივანიშვილი აშანტაჟებს.

ოლიგარქი კახი კალაძის იძულებას - უპირობოდ შეასრულოს მისი მითითება, სხვადასხვა, მათ შორის ძალიან მძიმე გზებით ცდილობს.

რა მოხდა კალაძესა და ივანიშვილს შორის?

დავიწყოთ თავიდან: ჯერ კიდევ 2012 წელს, კალაძემ ივანიშვილს შს მინისტრობა სთხოვა. თუმცა, მილიარდერმა მას ღარიბაშვილი ამჯობინა.

მოგვიანებით, კალაძემ ოლიგარქს კვლავ შეჰბედა - დაენიშნა პირველ პოლიციელად, მაგრამ ამჯერად, ივანიშვილმა ფსონი ჭიკაიძეზე დადო.

2018 წელს, კალაძემ უკვე პრეზიდენტობის კანდიდატობა მოისურვა, ოლიგარქმა კი, ახლაც არ გაითვალისწინა მისი ოცნება და სალომე ზურაბიშვილი მოგვახვია თავს.

როგორ „დააბა“ ივანიშვილმა კალაძე?

კალაძე გაიბუტა და გაქცევა გადაწყვიტა, თუმცა, ივანიშვილმა, ის, გაზის ბიზნესით გააჩუმა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თბილისის მერსა და მის ბიზნეს-პარტნიორ ხვიჩა მაქაცარიას, ოლიგარქმა თბილგაზი გადასცა იმ პირობით, თუ კალაძე თავის საპრეზიდენტო ამბიციებს დაივიწყებდა.

კალაძე (რომელიც ოპონენტების თქმით, კორუფციაში იხრჩობა), იმ ეტაპზე დათანხმდა და კომპანიაც თავისი გარემოცვით გაავსო, მაგრამ როგორც ჩანს, მას მხოლოდ ფული აღარ სურს - პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაც უნდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში განცდილი მარცხი ივანიშვილმა სწორედ მას დააბრალა. თბილისის მერს, ივანიშვილი მმართველი პარტიის წევრების თვალწინ გაუბრაზდა. მილიარდელმა კალაძე კობახიძესთანაც რამდენჯერმე გალანძღა.

კალაძე კვლავ გაიბუტა და... დამოუკიდებელი თამაშის წამოწყება გადაწყვიტა. ორი ავტოგოლის გამტანმა, ახლო გარემოცვასთან, "ქართული ოცნებიდან" გამოყოფასა და ახალი პარტიის შექმნაზე დაიწყო საუბარი, რისი საჭიროებაც, მისი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმაც დაადასტურა.

ზუსტად ამ მიზნით, ის რამდენიმე ბიზნესმენს, მათ შორის ხვიჩა მაქაცარიასაც ესაუბრა და მთელი რიგი საკითხების „დალაგება“ დაიწყო...

შანტაჟის ენა...

ოლიგარქმა, რომელსაც ღრმად სჯერა, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი უნდა იცოდეს, თბილისის მერის მომავალი გეგმების შესახებ გაიგო. მან, არც მეტი, არც ნაკლები - კახი კალაძის დაშანტაჟება გადაწყვიტა და დააშანტაჟებინა კიდეც.

თბილისის მერი, ლამის "ქართული ოცნების" უკანა გასასვლელ კართან გააჩერეს და აუხსნეს, რომ თუ პროცესებისგან გაწევას გადაწყვეტდა, არ დაინდობდნენ და არსებულ კომპრომატებსაც გამოუფენდნენ - ეტაპობრივად.

კახი კალაძე, უბრალოდ, იძულებული გახდა თვალი გაესწორებინა რეალობისათვის და ცოტა ხნით „ქალაქიდან გასვლა“ ითხოვა.

ასე აღმოჩნდა ის შვეიცარიის ალპებში, ვარდ-ყვავილებიანი ქურთუკით და ძვირადღირებული ფოტო-აპარატით - გრიპის გაგანია ეპიდემიის დროს და მაშინ, როცა მის დაქვემდებარებაში მყოფი სასწრაფო-სამედიცინო სამსახური პარალიზებული იყო.

აღსანიშნავია რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ივანიშვილის ძალოვნები მაღალი თანამდებობის პირებს აშანტაჟებენ.

მაგალითად: როდესაც პრემიერი კვირიკაშვილი ივანიშვილს დაუპირისპირდა და მისი მოთხოვნის მიუხედავად უარი თქვა გადადგომაზე, მასთან სპეცსამსახურის წარმომადგენელი მივიდა და დეტალურად გააცნო არსებული კომპრომატები.

შედეგმაც არ დააყოვნა. მეორე დღეს, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საკუთარი სურვილით მიდის - სახლში.

P.S: „პრესა.ჯი“, კომენტარის მიზნით თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მანანა თოქმაჯიშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებს თუ არა, მერი, ახალი პარტიის შექმნასა და მისცა თუ არა, ივანიშვილმა მას გაზის ბიზნესი?

თოქმაჯიშვილმა, კალაძის საპრეზიდენტო ამბიციები და ივანიშვილის მიერ მისთვის თბილგაზის გადაცემის ფაქტი უარყო და განაცხადა რომ „ეს ყველაფერი სრული აბსურდია“.

რაც შეეხება კახი კალაძის დამოუკიდებელ თამაშს, ამის თაობაზე, საინტერესო მოსაზრება გაგვიზიარა ექსპერტმა და ერთ დროს ივანიშვილთან დაახლოებულმა პირმა, გია ხუხაშვილმა.

 "ამ ქვეყანაში შესაძლებელი ყველაფერია, მაგრამ კალაძის პოლიტიკურ დამოუკუდებლობას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" არის პარტია, სადაც საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი არავის გააჩნია.

ასე რომ, ქართულ ოცნებაში, დამოუკიდებელი თამაშის პერსპექტივა არავის აქვს, იქ უფრო შეჩვეულები არიან შიდა მამაძაღლობებით საკუთარი ბოსტნის გაფართოებას. რომც გამოეყოს კალაძე მათ გუნდს, არ იქნება ეს საინტერესო, ამით ის ვერაფერს მიაღწევს", - უთხრა „პრესა.ჯი“-ის ჟურნალისტს ხუხაშვილმა.